სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო პრივატიზაციის შესახებ


მუხლი 50. საჯარო სკოლის ქონება
1. საჯარო სკოლის შენობა და შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და სკოლას გადაეცემა უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საჯარო სკოლა მისთვის  სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 51. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსები
1. სკოლის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, აგრეთვე ამ კანონის 22-ე  მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
2. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და  ფუნქციების განხორციელებას.
3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
4. სკოლას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.

მუხლი 52. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა
1. საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.
2. დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით. (17.03.2006. N2793)

Комментариев нет: